Saturday 6 December 2008

ირაკლი ცირეკიძე

ინტერვიუ ირაკლი ცირეკიძესთან
რუბრიკა მოამზადა
ზვიად სეხნიაშვილმა













- ბევრ გამოცდილ სპორტსმენს უთქვამს, რომ ოლიმპიურ თამაშებზე წარმატების მიღწევა განსაკუთრებულად ძნელია. შენთვის პეკინის ოლიმპიადა პირველი იყო და საკმაოდ იოლად მიაღწიე გამარჯვებას...

- ჯერ კიდევ ჩინეთში გამგზავრებამდე შევიქმენი საბრძოლო განწყობა. საკმაოდ თავისუფლად ვგრძნობდი თავს. საკუთარი თავის ხელში აყვანაც მოვახერხე და მიზანს მივაღწიე.

- თუ საიდუმლო არაა, როდის იგრძენი, რომ ოქროს მედლის მოპოვება რეალურად შეგეძლო?



- მეოთხედფინალის შემდეგ უკვე ვფიქრობდი, რომ ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს ვიყავი.- არადა ნახევარფინალში საკმაოდ ძლიერ რუსს, ივან პერშინს უნდა დაჭიდებოდი...- იქამდე სამჯერ მქონდა მასთან ნაჭიდავები. ორჯერ მომეგო, ერთხელ კი საკლუბო ჩემპიონატზე ფრედ დავასრულეთ შეხვედრა. თავიდანვე მჯეროდა, რომ აუცილებლად დავამარცხებდი.



- იმ შეხვედრისას ალბათ დამატებით ტვირთად რუსეთის აგრესიაც გაწვა. ეს პირიქით ხომ არ დაგეხმარა?



- ნახევარფინალამდე ყველა ცდილობდა რუსეთი-საქართველოს დაპირისპირება ჩემთან არ ეხსენებინა, ზედმეტად რომ არ დავემძიმებინეთ, მაგრამ აბა ამას რად უნდოდა თქმა ან წაქეზება. უთქმელადაც ვგრძნობდი რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა იმ ბრძოლას.



- პერშინის შებოჭვის შემდეგ მაყურებელს ზურგზე წაწერილ ჯორჯიაზე მიუთითე. ამით რისი თქმა გსურდა?



- ეს ჟესტი ინსტიქტურად გავაკეთე. იმ წუთში უამაყესი ადამიანი ვიყავი. მინდოდა ყველასთვის დამენახვებინა, რომ უშველებელი რუსეთის ნაკრების წევრი პატარა საქართველოს ნაკრების წევრმა დავამარცხე.



- ძიუდოისტთა ტურნირის ჩამთავრების შემდეგ ნაკრები თბილისში დაბრუნდა. შენ კი პეკინში დარჩი. საკუთარი სურვილით მიიღე გადაწყვეტილება?



- სიმართლე გითხრათ, მეც მინდოდა წამოსვლა, მაგრამ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელების თხოვნის შემდეგ დავრჩი და უკვე სხვა ქართველების აქტიურ გულშემატკივრობას შევუდექი.



- ხომ არ ინერვიულე?



- დამერწმუნეთ, ტრიბუნიდან ყურება გაცილებით ძნელია, ვიდრე უშუალოდ ჭიდაობა. გიორგი გოგშელიძის უსამართლო მარცხმა კინაღამ გამაგიჟა.



- მსოფლიოს და ოლიმპიური ოქროები უკვე გაქვს კოლექციაში. ევროპისას როდის შეუტევ?



- ვეცდები პირველივე შესაძლებლობა გამოვიყენო და სრული კოლექცია შევაგროვო.



- დასვენებას როდემდე გააგრძელებ?



- ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით. რაც მალე, მით უკეთესი. არ მინდა უქმობამ ფორმიდან ისე ამომაგდოს, რომ მერე გამიჭირდეს.

































No comments: