Friday 7 November 2008

რევაზ მინდორაშვილი

ჩემპიონობას ქართველ ხალხს ვუძღვნი!


თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე უმთავრეს ფავორიტად ყველა რუსეთის სახელით მოჭიდავე გიორგი კეტოევს (გიორგი ქეთიშვილს) მიიჩნევდა. ამ ყველაში ბევრი ქართველი გულშემატკივარიც შედიოდა. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ რევაზ მინდორაშვილის გამარჯვებაში კი ასი პროცენტით დარწმუნებული მხოლოდ ერთი კაცი იყო – თავად რევაზ მინდორაშვილი. ოპტიმიზმი მართლაც ჩემპიონობით დაგვირგვინდა და რეზომ დიდი ტურნირების ოქროს მედლების სრული კოლექცია შეკრა. 32 წლის მოჭიდავე უკვე კარიერის დასრულებაზე ფიქრობს, თუმც მისივე სიტყვებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ მაინც შორია.


ინტერვიუ რევაზ მინდორაშვილთან

- ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ძალიან ოპტიმისტურად იყავი განწყობილი. რა გაძლევდა ამის საბაბს?

- პირველ რიგში კარგი მომზადება. ისეთ ფორმაში ვიყავი, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ აუცილებლად ჩემპიონი გავხდებოდი.

- უშუალოდ ტურნირის მსვლელობისას მაინც როდის დარწმუნდი, რომ ოქროს მედალს ვერავინ შეგეცილებოდა, ნახევარფინალში მთავარი კონკურენტის, გიორგი კეტოევის ძლევის შემდეგ?

- თუ დამიჯერებთ ტურნირისასაც პირველივე წრიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ მიზნის მიღწევაში ხელს ვერავინ შემიშლიდა.- თუმცა კეტოევს ოქროს მედლის უმთავრეს ფავორიტად არა მარტო რუსები, არამედ ყველა მიიჩნევდა...- ეგ ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავდა. ვიცოდი, რომ კეტოევს აუცილებლად მოვუგებდი. ეს მარტო მე ვიცოდი...

-რუსეთის ნაკრებს წინასწარ დაგეგმილი ოქრო წაართვი. როგორი რეაქცია ჰქონდათ ნახევარფინალის შემდეგ?

- რა თქმა უნდა ძალიან იმედგაცრუებულები იყვნენ, მაგრამ იმათი იმედგაცრუება სასიამოვნო სანახავი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ფინალის საგზური მე მოვიპოვე. სხვა შემთხვევაში ხომ გეგმა ქართველებს ჩაგვეშლებოდა.

- საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ კახა გეწაძისგან გავიგეთ, რომ დამარცხებულ კეტოევს ქართველებისთვის ალალად მიულოცია. პირადად შენც გესაუბრა?

- გიორგი ძალიან კარგი ადამიანია და ბიჭებთან მშვენიერი დამოკიდებულება აქვს. მერე რა, რომ რუსეთის სახელით ჭიდაობს. ეს სპორტია და ყველაფერი ხდება. პოლიტიკასთან ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს. პირადად არ გვისაუბრია, თუმცა ჩვენებურებთან რომ მივიდა ეს კი ვიცი.

- ამბობ, სპორტს და პოლიტიკას საერთო არაფერი აქვსო. დავიჯერო იმ მომენტში არ ფიქრობდი, რომ ქართველისგან რუსის დამარცხება დამატებითი მუხტი იქნებოდა შენთვის და შენი გულშემატკივრებისთვის?

- ეს ცხადია მშვენივრად ვიცოდი, მაგრამ ვცდილობდი უშუალოდ ჭიდაობის გარდა სხვაზე არაფერზე მეფიქრა. მობილიზებას თუ ვერ შევძლებდი, შეიძლება მთელი შრომა წყალში ჩამყროდა.

- შეძელი და საქართველოც გაახარე...

- იმ დაძაბულ პერიოდში მხოლოდ ერთი წუთით გადამავიწყდა ყველა სიმწარე. საქართველოს დროშის აწევას რომ ვუყურებდი და თან ჰიმნს ვუსმენდი, ჩემზე ბედნიერი დედამიწის ზურგზე არავინ მეგონა. დაჯილდოვების ცერემონიალის დასრულების შემდეგ კი ისევ დამიტრიალდა თავში საქართველოში დატრიალებული მოვლენები და ისევ სევდა შემომაწვა. ჩემს ჩემპიონობას ქართველ ხალხს ვუძღვნი.

- აქამდე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი იყავი. ახლა კოლექციას ოლიმპიური ოქროც შემატე. თან უკვე 32 წლის ხარ და კარიერის დასრულებაზე ხომ არ დაფიქრებულხარ?

- სიმართლე გითხრათ დავფიქრებულვარ და ვფიქრობ კიდეც, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ჯერ მაინც არ ვჩქარობ. სხვა თუ არაფერი, სპორტს ასე მომენტალურად ჩამოცილება ჯანმრთელობისთვისაც არაა სასარგებლო. მოკლედ, ვნახოთ...

No comments: