Sunday 2 November 2008

დაუმარცხებელი საქართველო!


შორეულ ჩინეთში ქართველმა ოლიმპიელებმა მაინც შეძლეს ოდნავი შვება მოეტანათ სამშობლოსთვის და ბრწყინვალე გამარჯვებით დაემტკიცებინათ, რომ საქართველო გაუტეხელი და შეუდრეკელია.
მას შემდეგ, რაც მტრის შემოსევის ამბავი შეიტყო, ქართულმა დელეგაციამ პროტესტის ნიშნად პეკინის დატოვება განიზრახა. სამწუხაროდ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავკაცებისთვის ოლიმპიური ქარტიის პრინციპები უფრო ფასეული გამოდგა, ვიდრე აგრესორთა ბომბებით დაღუპულ ადამიანთა სიცოცხლე. მსოფლიო სპორტის მამები, არც მეტი, არც ნაკლები, 8-წლიანი დისკვალიფიკაციით დაგვემუქრნენ(?!). ასეთ დაძაბულ და მძიმე ვითარებაში ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელობამ, ალბათ, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და პეკინში დარჩა, თუმცა ამ მოვლენებს ჩვენთვის უკვალოდ არ ჩაუვლია: ოლიმპიური ოქროს უმთავრესი კანდიდატი, ძიუდოისტი ზაზა კედელაშვილი, რომელიც მთელ დელეგაციასთან ერთად ჩემოდნებზე იჯდა სამშობლოში გამოსამგზავრებლად, მთელი ღამის განმავლობაში ვარჯიშობდა, რომ ზედმეტი წონა დაეკლო. უძილობამ და გადაღლამ მეორე დილით, ტატამზე იჩინა თავი. ზაზას ძალა აღარ ეყო და პირველივე შერკინებაში დამარცხდა...
ყველაზე მტკიცე ნერვები მაინც ნინო სალუქვაძეს აღმოაჩნდა. ქართველმა ჩუბინმა მშვენივრად იასპარეზა და 20-წლიანი პაუზის შემდეგ კიდევ ერთხელ ავიდა ოლიმპიურ კვარცხლბეკზე. ნინოს ბრინჯაოს ამ მძიმე ვითარებაში ოქროს ფასი აქვს...
13 აგვისტო კი გამორჩეული დღე იყო საქართველოს სპორტის მატიანეში, - ერთ საათში(!) ორი ოლიმპიური ოქრო მოვიპოვეთ და შორეულ ჩინეთში ორჯერ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი! ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მანუჩარ კვირკველიამ, ხოლო ძიუდოში ირაკლი ცირეკიძემ პირდაპირ ბდღვირი ადინეს მეტოქეებს და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ.
კვირკველია 74 კგ წონით კატეგორიაში ფავორიტებში მოიაზრებოდა, მაგრამ ოლიმპიადა იმიტომაც არის გამორჩეული ტურნირი, რომ აქ ყველა განსაკუთრებული მონდომებითა და ენერგიით იბრძვის, ფავორიტობა ერთობ პირობითი ცნებაა და ყველაფერი თავიდან არის დასამტკიცებელი. მანუჩარმა პირველივე შეხვედრიდან აჩვენა ყველას, რომ მხოლოდ საჩემპიონოდ იყო შემართული, როცა ძალზე ძლიერი ფრანგი კრისტოფ ჟენო აბზრიალა ხალიჩაზე. მოკლე ხანში გერმანელი შნაიდერი და უნგრელი ბატსიც ჟენოს გზას გაუყენა და ფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ ჩანგს დაუპირისპირდა. ჩინელები მხოლოდ გამარჯვებას ითხოვდნენ თავისი ფალავნისაგან და გამაყრუებელი ოვაციით ამხნევებდნენ ჩანგს. დამეთანხმებით, ასეთ ატმოსფეროში ჭიდაობა და გამარჯვება მხოლოდ ძლიერთა ხვედრია. ჩვენდა საბედნიეროდ, მანუჩარ კვირკველიამ მეტოქესთან ერთად ტრიბუნებიც დაადუმა. ჯერ ჩოქბჯენიდან ორჯერ ისე გაექცა ჩანგს, ჩინელმა ხელის ჩავლებაც ვერ მოასწრო, შემდეგ კი ქართველმა თავად მოიგდო მოწინააღმდეგე, ჰაერში აიტაცა და თავისი საყვარელი გდებით ისეთი სალტო-მორტალე შეასრულა ჩანგთან ერთად, რომ პუბლიკასაც კი აპლოდისმენტები მოსწყვიტა. თავგზააბნეულმა ჩინელმა ცოტა კი წაიფაფხურა, მაგრამ როცა კიდევ ერთხელ წამოეგო გახელებულ ქართველს მორიგ ილეთზე, კაპიტულაცია გამოაცხადა. კვირკველიამ ხუთჯვრიანი დროშით შემოირბინა საჭიდაო არენა და კიდევ ერთხელ აჩვენა მაყურებელს უტეხი და შეუდრეკელი ქართული სულის ზეობა!
არანაკლებ შთამბეჭდავი და ამაღლებული იყო ოლიმპიური ნაკრების დასტაქრის - ზურაბ კახაბრიშვილის სიხარულის ცრემლები. ამ დევივით ვაჟკაცმა თავი ვეღარ შეიკავა და ბავშვივით იტირა!..
პარალელურად, ძიუდოისტთა 90 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ცირეკიძე აცამტვერებდა მეტოქეებს. პირველ წრეში მან უძლიერესი კორეელი ფალავნის, ჩოის მძლეველი, ეგვიპტელი მესბა დაამარცხა. მომდევნო შერკინებაში აზერბაიჯანელი ელჰან მამედოვი დასცა იპონით(!) და ფინალისკენ მიმავალ გზაზე რუს ივან პერშინს გადაეყარა. მოგეხსენებათ, რუს ძიუდოისტთა ნაკრებს პირადად პუტინი პატრონობს. ალბათ, ზედმეტია თქმა, რაოდენ მნიშვნელოვანი შერკინება იყო ეს ცირეკიძისა და სრულიად საქართველოსთვის. საოცრად მობილიზებული გავიდა ტატამზე ქართველი ძიუდოისტი. დათვივით ატოტებულ რუსს თავიდანვე მოუჭრა გზა, როცა ორი კოკა აართვა. შემდეგ ისეთი «წისქვილი» დაუტრიალა, კინაღამ კისერი მოსტეხა! ვიდრე რუსთა პრემიერის უმთავრესი ფავორიტი გონს მოეგებოდა, ირაკლიმ რკინის მარწუხები შემოაჭდო და შებოჭვაზე დაიჭირა. 20 წამი ჰქონდა პერშინს ამ ხაფანგიდან თავდასაღწევად, მაგრამ, ალბათ, მთელი სიცოცხლე რომ ეჯახირა, ცირეკიძის მკლავებს ვერ დაუძვრებოდა. აკი მალევე მიხვდა რუსი თავის უმწეობას და სახეზე ხელი აიფარა დამარცხების ნიშნად. მისნაირ საცოდავ დღეში იყვნენ რუსი კომენტატორებიც, თუმც სხვა რა გზა ჰქონდათ და, როგორც იქნა, გამოცრეს: "Грузин оказался сильнее нашего фаворита!"
ეს გამარჯვება უდრიდა ერთი ოლიმპიადის მოგებას! ამიტომაც იყო, რომ ატირებულმა შოთა ხაბარელმა გულში ჩაიკრა შეგირდი და იმ მკერდზე აკოცა ქართველ ფალავანს, სადაც ასე გაუტეხელი გული უძგერდა! პერშინის გამოსვლა კი უკანასკნელი იმედი იყო რუს ძიუდოისტთა დელეგაციისთვის და ეს იმედიც ისევე გაუცრუვდათ, როგორც მათი ქვეყნის ლიდერებს საქართველოს დაჩოქების მცდელობა!
ფინალში ცირეკიძემ ალჟირელ კერკეტ კაკალს - ბენიჰეფს შემოამტვრია «ჯავშანი» და მეორე ოქროს მედლით გაახარა აცრემლებული სამშობლო. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქართველმა ფალავანმა შავი ლენტი მიიდო გულზე გლოვის ნიშნად და აწყლიანებული თვალები ააყოლა ამაყად ზეაწეულ ქართულ დროშას. ეს გამარჯვება ხომ იმაზე მეტი იყო, ვიდრე «უბრალო» ოლიმპიური ჩემპიონობა?! ეს ჭირთა შიგან მაგრობაც იყო, თანამემამულეების გამხნევებაც და სამშობლოს ღია იარებზე შვების მალამოც! ამ გამარჯვებამ მუხლი გაგვიმაგრა, მკლავი გაგვიმაგრა და გული გაგვიმთელა!
ჭეშმარიტად, დაუმარცხებელია საქართველო!

რუბრიკა მოამზადა
ზვიად სეხნიაშვილმა

No comments: