Friday 31 October 2008

მანუჩარ კვირკველია





პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქრო საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ კვირკველიამ მოუტანა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ჩინურ ხალიჩაზე ლამის ერთი ამოსუნთქვით ჩამოიცილა ყველა მოწინააღმდეგე და ოქროს კოლექციაც შეავსო. თუმცა ამაზე გაჩერებას რომ არ აპირებს, ინტერვიუდან თავადაც მიხვდებით. სანამ დარბაზს მიუბრუნდება და მომავალი ტურნირებისთვის მზადებას შეუდგება, კვირკველია ახლადდაბადებული ქალიშვილის მოფერებით და მისგან გახარებული ხალხის სითბოთი ტკბება.












მანუჩარ კვირკველია:
- თბილისში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან მოყოლებული, ყოველ ნაბიჯზე ხალხის უდიდეს სითბოს ვგრძნობ, ყველა მილოცავს და მადლობას მეუბნება. ეს მართლა წარმოუდგენელი ბედნიერებაა. მიხარია, რომ ასეთი სიამოვნება მივანიჭე. დიდ შრომასა და წვალებასთან ერთად ჩემი გამარჯვება ამ ხალხის დამსახურებაცაა.- ოლიმპიურ ჩემპიონობას ჯერ კიდევ პეკინში ყოფნისას შენთვის ერთი სიხარულიც – ქალიშვილის დაბადებაც დაემატა...- ეს ამბავი პეკინიდან მომავალს მახარეს ტელეფონით. უფრო ადრიანად ველოდით დაბადებას, მაგრამ... როგორც ჩანს ოქროს მედალს ელოდა.- პეკინში პირველი ოქროს მედალი შენ მოიპოვე. როგორი გრძნობა იყო?- საქართველოში დატრიალებული მოვლენები რომ არა, დარწმუნებული ვარ, ჩემამდეც გვეყოლებოდა ჩემპიონი და საერთოდაც, გაცილებით უკეთეს შედეგს ვაჩვენებდით. იმ ბიჭებმა, ვინც პირველ დღეებში ჩაერთნენ ტურნირში, ფსიქოლოგიური სტრესიდან გამოსვლა ვერ მოასწრეს.- როგორ მოახერხე ამ ბარიერის გადალახვა?- რა თქმა უნდა მეც საშინლად განვიცდიდი საქართველოში მომხდარ ამბებს. ძნელია ჭიდაობაზე იფიქრო, როცა ხედავ, რომ ქვეყანას გიბომბავენ და ამ დროს ოჯახისგან შორს ხარ. ძალიან ბევრს ვფიქრობდი და ვნერვიულობდი, მაგრამ საბედნიეროდ, უშუალოდ ტურნირის დროს მაინც შევძელი მთელი ყურადღების მხოლოდ ჭიდაობაზე გადატანა.

No comments: