Sunday 2 November 2008

ვიქტორ სანეევი


XX საუკუნის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი 13-წლიანი განშორების შემდეგ კვლავ სამშობლოშია. მძლეოსნობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ერთგზის ვერცხლის პრიზიორი ვიქტორ სანეევი თბილისს ეწვია, შემდეგ კვლავ ავსტრალიაში დაბრუნდება.
ერთ რამედ ღირდა სანეევის საზეიმო დახვედრის ცერემონიალი თბილისის აეროპორტში - ტრაპზე ჩამომავალი ატირებული დიდი ჩემპიონი და ასევე თვალცრემლიანი ზღვა დამხვდურები...
სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ამ ხნის განმავლობაში არაერთი სპეციალურად მისთვის მოწყობილი საზეიმო შეხვედრა და კულტურულ-სპორტული ღონისძიებები ელის.
თბილისობის დღესასწაულზე ვიქტორ სანეევმა ორმაგი მოქალაქეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტისგან. მას ასევე საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.
XX საუკუნის ნომერ პირველი ქართველი სპორტსმენის მასპინძელი სპორტის, ძეგლთა დაცვისა და კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი იყო. მინისტრმა გულთბილი შეხვედრა მოუწყო სანეევს და მისგანაც არანაკლებ თბილი და ემოციური პასუხი მიიღო. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის თითოეულ სიტყვაში იგრძნობა ის დიდი ნოსტალგია, სამშობლოსადმი 13-წლიანი განშორების გამო რომ დაუფლებია...
გოკა გაბაშვილი: - ძალიან ამაღელვებელი წუთებია. ბედნიერი ვარ, რომ სპორტის ცოცხალ ლეგენდას ვხედავ და იგი თავისი ფეხით გვესტუმრა. ვიქტორ სანეევი არა მხოლოდ უდიდესი სპორტსმენი, არამედ დიდი პატრიოტიცაა.
ვიქტორ სანეევი: - საქართველოში სიდნეი-ვენა-თბილისის ავიამარშრუტით ჩამოვფრინდი და 28 საათი გზაში ვიყავი. როდესაც თვითმფრინავის ილუმინატორიდან ყაზბეგს გადმოვხედე და თვალისმომჭრელი სილამაზე დავინახე, ცრემლები ვერ შევიკავე. თუმცა, ცრემლებიც ვერ გამოხატავს სრულიად იმ გრძნობას, რომელიც 13-წლიანი განშორების, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დამეუფლა.
სამშობლო უზომოდ მიყვარს - აქ ხომ ყველაფერი მშობლიურია. დიახ, ნამდვილად უნდა დავბრუნდეთ სოხუმში და არა ომით - სწორედ მშვიდობიანად და სპორტით. უღრმესი მადლობა ყველას ასეთი გულთბილი დახვედრისთვის.
შეხვედრის დასასრულ სპორტის მინისტრმა ვიქტორ სანეევს საჩუქარი გადასცა - ეროვნულ მუზეუმში დაცული ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნის ოქროს ლომის ასლი და ეროვნული მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნი, რომელიც ვანის არქეოლოგიურ აღმოჩენებს და კოლხურ ოქროს ეძღვნება.
კობა ხატისაშვილი

No comments: